მინისტრებმა ექსპერტებთან ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაზე იმსჯელეს

მინისტრებმა ექსპერტებთან ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაზე იმსჯელეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა სამინისტროში ექსპერტებთან საქართველოს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის შექმნის შესახებ იმსჯელეს. 

შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დოკუმენტი "ქართული ოცნების" საარჩევნო და სამთავრობო პროგრამას დაეყრდნობა. მისი თქმით, განსაზღვრული იქნება პრიორიტეტები და ის ფინანსური რესურსები, რომელიც ეკონომიკაში დასახული მიზნების მისაღწევად უნდა იქნეს გამოყოფილი.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მათ ექსპერტებთან იმსჯელეს საქართველოს ეკონონიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაზე. კვირიკაშვილის შეფასებით, დოკუმენტი უნდა იყოს ზეპარტიული, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან განვითარების სტრატეგიას მოიცავს.

"აქ უნდა ჩამოყალიბდეს რა ტიპის ქვეყანა გვინდა ჩვენ. სად გვაქვს ის კონკურენტული უპირატესობები, რა მიმართულებებზე უნდა მოვახდინოთ შეზღუდული რესურსების მობილიზაცია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრებთან შეხვედრას 30-მდე ექსპერტი ესწრებოდა. როგორც ექსპერტმა ლადო პაპავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ გასცეს კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორი სტრუქტურის უნდა იყოს დოკუმენტი, რა ვადაზე უნდა იქნეს გათვლილი და რა უნდა მოიცვას.

მისივე თქმით, შეხვედრაზე გადაწყდა ორგანიზაციული საკითხები.

ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შედგენაზე მუშაობა ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.

დოკუმენტი ითვალისწინებს ყველა სამინისტროს, აგრეთვე სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ჩართულობას, რათა ქვეყნის სტრატეგიის საბოლოო ვარიანტში ყველა დაინტერესებული მხარის წინადადებები და მოსაზრებები აისახოს.