გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატებმა სასამართლოს საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართეს

გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატებმა სასამართლოს საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართეს

კომპანია "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართეს. 

ადვოკატებმა გელა ნიკოლაიშვილმა და ირმა ჭკადუამ სააპელაციო სასამართლოში განცხადება შეიტანეს და, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, საქმის ხელახლა გადახედვა მოითხოვეს.
ამასთან, ადვოკატების თქმით, საქმეს დაერთვება ამერიკის ფედერალურ ბიუროში ჩატარებული დნმ-ის ანალიზი, რომელიც აბსოლუტურად უარყოფს გია გვიჩიანისადმი ბრალდებას , თითქოს ის მკვლელობის შემკვეთი იყო.

კერძოდ, ადვოკატების ცნობით, ანალიზის შედეგად, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ხერკილაძისა და პაპაჩაშვილის თმის, ნერწყვისა და თითის ანაბეჭდები მკვლელობის ადგილას არ აღმოჩნდა.

როგორც ირმა ჭკადუამ განაცხადა, გია გვიჩიანი, რომელიც უკვე შვიდი წელია, პატიმრობაში იმყოფება, სააპელაციო სასამართლოში შეტანილ დღევანდელ საჩივარს ერთგვარ ტესტად მიიჩნევს – გათავისუფლდა თუ არა სასამართლო გარკვეული მარწუხებისგან.

გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, ორი კვირის ვადაში სააპელაციო სასამართლომ ადვოკატებს უნდა აცნობოს, მიიჩნევს თუ არა დასაშვებად საჩივარს, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს.

ამასთან, ცნობილი ხდება ისიც, რომ საქმის მთავარმა მოწმეებმა ჩვენება შეცვალეს, თუმცა ადვოკატები ამ თემაზე ჯერ ღიად არ საუბრობენ.