ალექსანდრე ბარამიძე:  ვენეციის კომისიის დასკვნის დიდი ნაწილი გათვალსიწინებულია

ალექსანდრე ბარამიძე: ვენეციის კომისიის დასკვნის დიდი ნაწილი გათვალსიწინებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" მეორე მოსმენისთვის წარდგენილ კანონპროექტში , ვენეციის კომისიის დასკვნის დიდი ნაწილი გაზიარებული და ასახულია. 

კერძოდ, როგორც ბარამიძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნა და იუსტიციის საბჭოს წევრობა გაუუქმდება იმ პირს, რომლებიც ამავე დროს არის სასამართლოს თავმჯდომარე, მოადგილე ან სხვა მაღალ თანამდებობას იკავებს.

"ვენეციის კომისიის დასკვნის დიდი ნაწილი არის გაზიარებული და ასახული მეორე მოსმენისთვის წარდგენილ კანონპროექტში. იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით პრინციპი არის ის, რომ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრები, რომლებიც იმავე დროს არიან სასამართლოს თავმჯდომარეები და მოადგილეეები, გაუუქმდებათ საბჭოს წევრობა და მათ ადგილას ახალი წევრებს აირჩევენ. ოღონდ აღნიშნულ პირებს ექნებათ უფლება, იყარონ კენჭი სხვებთან ერთად , საერთო წესით, ფარული კენჭისყრით. იგივე ეხებათ ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ არჩეულ წევრებს. მანდატის დასრულების საშუალება მიეცემა იმ წევრს, რომელიც იმავე დროს არ არის არც თავმჯდომარე, არც მოადგილე და არც რომელიმე სხვა ადმინისტრაციული ფუნქციის მატარებელი პირი და ამავე დროს, არჩეულია მოსამართლეთა კონფერენციის და არა ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ. ის პირები, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, დარჩებიან იუსტიციის საბჭოს წევრებად", - განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ცვლილებები განხორციელდა სასამართლო პროცესის მედიის მიერ გაშუქების კუთხით. კერძოდ, ბარამიძის თქმით, აღარ განხორციელდება ტრანსლაცია, თუმცა აუდიო-ვიდეო ჩაწერასთან დაკავშირებული წესები რჩება ისეთი, როგორც კანონპროექტის ადრინდელ ვარიანტში იყო.