არჩილ გეგეშიძე:  აშშ-სთან ჩვენი დღის წესრიგი დიდი ხანია განსაზღვრულია

არჩილ გეგეშიძე: აშშ-სთან ჩვენი დღის წესრიგი დიდი ხანია განსაზღვრულია

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი დღის წესრიგი დიდი ხანია განსაზღვრული და ჩამოყალიბებულია, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალმა ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, არსებობს მთელი სპექტრი მიმართულებების და მისი ელჩობის პერიოდში საელჩო მუშაობას გააგრძელებს ისე, როგორც მისი წინამორბედები მუშაობდნენ.
"საქართველოს ორი უმთავრესი ამოცანა აქვს, ეს არის უსაფრთხოება და კეთილდღეობა და ამის მიღწევისთვის ამერიკის შეერთებული შტატები არის უდიდესი რესურსი მთელი იმ პოტენციალიდან გამომდინარე, რაც ამ ქვეყანას გააჩნია", - განაცხადა არჩილს გეგეშიძემ.

მისი თქმით, პრიორიტეტი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გამოყენება ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასამტკიცებლად, არაღიარების პოლიტიკის მდგრადობის შენარჩუნებისთვის. ასევე, პრიორიტეტი იქნება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ამერიკიდან ინვესტიციების მოზიდვა, ასევე თანამშრომლობა კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში. ამასთან, როგორც არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელსაც ვაშინგტონში საელჩოს შენობა არ გააჩნია. როგორც გეგეშიძემ განაცხადა, ყოველთვის იყო სურვილი, რომ საქართველოს საელჩოს საკუთარი შენობა ჰქონოდა, თუმცა ეს არ გამოვიდა. როგორც გეგეშიძემ განაცხადა, დღის წესრიგში საელჩოს შენობის შეძენის საკითხი ახლაც დგას და ეს საკითხიც ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება.