ვატიკანში დღეს ფრანცისკ I-ის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია გაიმართება

ვატიკანში დღეს ფრანცისკ I-ის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია გაიმართება

ვატიკანში დღეს რომის ახალი პაპის, ფრანცისკ I-ის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია გაიმართება, რომელსაც სავარაუდოდ, მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრება. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ ცერემონიას მსოფლიოს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები დაესწრებიან.

"ბიბისის" ცნობით, ფრანცისკ I-ის მოთხოვნით, ინტრონიზაციის ცერემონია, წინამორბედებისგან განსხვავებით, მოკრძალებულად წარიმართება. მსახურების აღსრულება მთავარ კათოლიკურ ბაზილიკაში წმინდა პეტრეს საფლავთან დაიწყება. ფრანცისკ I-ს სწორედ ამ ადგილზე მოახვევენ პაპის მანტიას და თითზე "მეთევზის ბეჭედს" გაუკეთებენ, რომელსაც რომის პაპი ატარებს ტარდიციულად. ბეჭედზე გამოსახულია პეტრე მოციქულის გამოსახულება, რომელიც ნავში დგას და ზღვიდან თევზის საჭერი ბადე ამოაქვს. თუმცა, ფრანცისკ I-ის თხოვნით, ბეჭედი ოქროს ნაცვლად, ვერცხლისგან დამზადდებდა. ტაძარში შესვლამდე ახალარჩეული პონტიფიკი ეგრედ წოდებული "პაპომობილით" წრეს დაარტყამს წმინდა პეტრეს მოედანზე.

გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპის ინტრონიზაციაზე დასასწრებად უკვე ჩავიდნენ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ორთოდოქსული ეკლესიის წინამძღოლი, მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეო პირველი. ამ უკანასკნელის დასწრება რომის პაპის ინტრონიზაციაზე ისტორიული მოვლენაა, რადგან კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიის გაყოფიდან 10 საუკუნეზე მეტის გასვლის მერე, კონსტანტინეპოლის პატრიარქი პირველად ჩადის ვატიკანში. ბართოლომეო I-მა თავისი გადაწყვეტილება ფრანსისკ I-ელისადმი განსაკუთრებული სიმპათიით ახსნა, რადგან ეს უკანასკნელი ცნობილია მოკრძალებული ცხოვრების წესითა და ღარიბებისადმი გამორჩეული დამოკიდებულებით.

იტალიური წარმოშობის არგენტინელი კარდინალი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო გასულ კვირას აირჩიეს რომის პაპად.