ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი მრჩეველთა საბჭოს ხვდებიან

ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი მრჩეველთა საბჭოს ხვდებიან

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრას მართავენ. 

როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, შეხვედრაზე ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შესახებ ისაუბრებენ. ხადურის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი დაეყრდნობა კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამასა და საქართველოს ახალი მთავრობის მიერ ოქტომბერში პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამას.

მრჩეველთა საბჭოს მხრიდან შეხვედრაზე იმყოფებიან ექსპერტები სოსო ცისკარიშვილი, დემურ გიორხელიძე, მიხეილ ჯიბუტი, ავთო სილაგაძე და სხვები. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა, ძირითადი საკითხები იქნება დასაქმების ხელშეწყობა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ თითოეული დარგის მიმართ იყოს კონკრეტული მიდგომები.

შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტრო მრჩეველთა საბჭოს გააცნობს საქართველოს ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებისათვის საჭირო რეკომენდაციებს, ასევე განიხილავენ ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ წარდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებს. ქვეყნის სტატეგიული განვითარების დოკუმენტის შედგენაზე მუშაობა ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა და ითვალისწინებს ყველა სამინისტროს, აგრეთვე სამოქალაქო სექტორის და ექსპერტების ჩართულობას, რათა ქვეყნის სტრატეგიის საბოლოო ვარიანტში ყველა დაინტერესებული მხარის წინადადებები და მოსაზრებები აისახოს.