თენგიზ შერგელაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

თენგიზ შერგელაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

სტრასბურგში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილი ვიზიტი დაიწყო. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, პირველი შეხვედრები შერგელაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიონ იაგლანდთან და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტ ჰერვიგ ვან სტაასთან გამართა.

შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე გაკეთდა.

როგორც თენგიზ შერგელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, ამ რეფორმით რეალური დეცენტრალიზაცია მოხდება და სუბსიდიარობის პრინციპზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი თვითმმართველობები ჩამოყალიბდება.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და კონგრესის პრეზიდენტთან შეთანხმდა, რომ თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ევროპელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტის ჰერვიგ ვან სტაას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ შედგება ურთიერთობები რეგიონული მმართველობის საკითხებში, ყურადღება დაეთმო იმ მნიშვნელოვან რეფორმების გატარებას, რომელსაც ახლა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი განიხილავს და რომელიც უნდა გახდეს დემოკრატიული მმართველობის გარანტი რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობებში.

"მინდა გითხრათ, რომ ახალი ხელისუფლება მიდის ამ მიმართულებით. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვქონდა მუდმივად საქართველოსთან და ახლაც საჭიროა, რომ ეს ურთიერთობები განვითარდეს და წარმოდგენილი პროგრამა დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს", - აღნიშნა მან.

თენგიზ შერგელაშვილის თქმით კი, არსებობს დიდი ინტერესი ძალიან ბევრი თემის მიმრათ, რომელიც საქართველოს, ახალი ხელისუფლების ხედვას და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის თვითმმართველობის განვითარებას უკავშირდება.

"შეხვედრაზე ასევე, შევეხეთ იმ საკითხს, რომ უნდა შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპასა და საქართველოს მთავრობას შორის, რათა თვითმმართველობისთვის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა მივიღოთ და შესაბამისად მოვემზადოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა როგორც პოლიტიკურ, ასევე საექსპერტო დონეზე და შევთანხმდით, რომ იქნება უფრო ინტენსიური თანამშრომლობა, რაც დაგვაზღვევს იმ გაუგებრობებისგან რაც ხშირად ცალკეულ დოკუმენტებში ჩნდება ხოლმე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თენგიზ შერგელაშვილი მონაწილეობას მიიღებს ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას განიხილავენ.

მინისტრის პირველი მოადგილე სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოში არსებულ ვითარებასა და დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით ვრცელ მოხსენებას გააკეთებს.