თინათინ ხიდაშელი:  უმცირესობების ენები სრულად იქნება ინტეგრირებული

თინათინ ხიდაშელი: უმცირესობების ენები სრულად იქნება ინტეგრირებული

ეროვნული უმცირესობების ენები კულტურულად და საგანმანათლებლო პროცესში სრულად იქნება ინტეგრირებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინათინ ხიდაშელმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "დიალოგში" განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, საკუთარ ენაზე განვითარდნენ.

"თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში საქმის წარმოება იქნება არაქართულ ენაზე, ან საკრებულოში საქმეები წარიმართება არასახელმწიფო ენაზე. ის თემა, რომ ქარტიის რატიფიცირება მოხდებოდა, ახალი არ არის. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა", - აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ქარტიის რატიფიცირების ვალდებულება მიხეილ სააკაშვილმა 1999 წელს აიღო, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

"ეს ვალდებულება დღეს გადასულია ევროკავშირის დოკუმენტებში. ვადები ძალიან დიდი ხანია გასულია. ეს საკითხი ძალიან მარტივია. ჩვენ თუ გვინდა ევროკავშირთან ინტეგრაცია, შესასრულებელია ის ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს აღებული აქვს", - აღნიშნა ხიდაშელმა.

ახალქალაქის საკრებულომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ევროპული ქარტიის რატიფიცირების თხოვნით უკვე მიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრისას ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ჰამლეტ მოვსისიანმა განუცხადა, საკრებულოს წევრები რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებას და შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვენ.

მოვსისიანის ცნობით, მიმართვის ინიციატორია საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელები", რომელსაც სარგის უზუნიანი ხელმძღვანელობს.