ირაკლი ალასანია - ზუსტდება დეტალები, თუ რა სახით ჩაერთვება საქართველო მალის მისიაში

ირაკლი ალასანია - ზუსტდება დეტალები, თუ რა სახით ჩაერთვება საქართველო მალის მისიაში

ზუსტდება დეტალები, თუ რა სახით ჩაერთვება საქართველო მალის მისიაში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მალის მისიაში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით განცხადება თავდაცვის მინისტრმა პირველად "ბრიუსელის ფორუმზე" გააკეთა. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა თანახმაა, ევროპელი პარტნიორების შემოთავაზება მიიღოს.

"მივიღეთ შემოთავაზება ევროკავშირისგან, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრუქტურებში. ამის შესახებ მთავრობაში ვიმსჯელეთ და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებშია უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს და, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს. პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, დავიწყეთ მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან და მის საგარეო უსაფრთხოების სტრუქტურებთან, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას. საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას დეტალების დადგენის შემდეგ მივაწვდით," _ აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის მისიაში საქართველოს ჩართვის შესახებ სურვილი ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმა, გასული წლის ბოლოს საქართველოში ვიზიტისას გამოთქვა. ამჟამად, მალის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას ევროკავშირის 16 ქვეყანა და ნორვეგია იღებს. ამ ეტაპზე, მალის დედაქალაქ ბამაკოში უკვე ჩასულია 500 კაციანი ჯგუფი, რომელიც სამხედრო ინსტრუქტორებისგან, მედიკოსთა ჯგუფებისგან, სამაშველო სამსახურებისგან, ასევე, 70 კაციანი სამხედრო პერსონალისგან შედგება.