"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ვარიანტი ვენეციის კომისიის დასკვნას გარკვეულწილად არ ეთანხმება, თუმცა უზენაესი სასამართლო მზად არის, გაიზიაროს სამინისტროს მომზადებული პროექტი, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ვარიანტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის მიხედვით, თანამდებობრივი შეუთავსებლობა არსებობს, უფლებამოსილები იქნებიან, ხელახლა იყარონ კენჭი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე.
კუბლაშვილის განმარტებით, ეს საკითხი კანონპროექტში ადრე გათვალისწინებული არ იყო. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ ვარიანტში, ახალი არჩევნების დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად აირჩევიან ის მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მეტ ხმებს მიიღებენ. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მათ შორის აუცილებლად იქნებიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც იმავდროულად არიან კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეები და პარალელურად, შეიძლება ზოგიერთი ასეთი პირი იყოს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
"მაქსიმუმ სამი ასეთი წევრი ეყოლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და დანარჩენი ასეთი წევრები იქნებიან რიგითი მოსამართლეები. ეს არის ვარიანტი, რაც ჩვენთან კონსულტაციების შედეგად შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს მიერ. ამ ვარიანტს მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაც გარკვეულწილად არ ეთანხმება, ჩვენ ვიზიარებთ და აღარ ჩავერევით პარლამენტის განხილვებში", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა, რომლის თქმითაც კანონის მიღებისთანავე, სასამართლო მზად არის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი არჩევნები ჩაატაროს.
"კანონის მიღებისთანავე მზად ვიქნებით ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები, რომელში მონაწილეობას შეძლებენ როგორც იუსტიციის საბჭოს ამჟამინდელი წევრები, ასევე სხვა მოსამართლეები", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.