10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმეზე მიმდინარებს გამოძიება და გახსნის რეალური პერსპექტივებია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრისას გიორგი ღვინიაშვლის კითხვაზე პასუხის დროს განაცხადა.
"სამწუხაროდ, ამ საქმის გამოძიება ცხელ კვალზე არ მოხდა და ერთი თვე რეალურად დაიკარგა. საქმე ჩიხში შეიყვანეს. თუმცა მე ვიჩქარე, როდესაც განვაცხადე, რომ ძალიან მალე გვექნებოდა საშუალება მიგვეწოდებინა ინფორმაცია საზოგადოებისათვის და გამოძიების შედეგები წარგვედგინა. მე ამაზე ბოდიში მოვუხადე ბარბარე რაფალიანცის ოჯახს და საზოგადოებას იმიტომ, რომ ნაჩქარევად მომივიდა თქმა. იმ ეტაპზე სხვა ინფორმაციები მქონდა", - განაცხადა მინისტრმა და აქვე აღნიშნა, რომ ეს საქმე არ არის მარტივი.
უმცირესობის წევრმა, გიორგი ღვინიაშვილმა კი აღნიშნა, რომ მას არ სურს ვინმეს ბრალი დასდოს, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი უჩნდება, რომ ეს საქმე შეგნებულად არ იხსნება.
"თქვენი გუნდის წევრმა, რომელიც დღეს თქვენს მთავრობაში ერთ-ერთი მინისტრის მოადგილეა, მე დამაბრალა მკვლელობა. არაერთხელ გვინახავს მთავარი პროკურორის გამოსვლა, რომელიც აცხადებს, რომ ათი წლის წინანდელ საქმეებს იძიებენ. რამოდენიმე თვის წინ ჩადენილის გამოძიება ადვილი უნდა იყოს. მანანა ბერიკაშვილმა, რომელმაც ბრალი მკვლელობაში დამდო, მიმაჩნია, რომ ეს არის უმძიმეს დანაშაულში ცრუ დასმენა და მიმაჩნია, რომ მის მიმართ უნდა დაიწყოს გამოძიება",-დასძინა ღვინიაშვილმა.
ირმა ნადირაშვილის კითხვაზე, მანანა ბერიკაშვილი არის თუ არა დაკითხული, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს ზუსტად არ ახსოვს.