ირაკლი ღარიბაშვილი:   ჩვენ ვფლობთ სიტუაციას სამცხე-ჯავახეთში

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვფლობთ სიტუაციას სამცხე-ჯავახეთში

ჩვენ ვფლობთ სიტუაციას სამცხე-ჯავახეთში, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემა ბოლო დროს, ამნისტიის შემდეგ გაჩნდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ რჩევები არ გაითვალისწინა და ციხიდან ჩახალიანი და მსგავსი ადამიანები გამოვიდნენ.

გაბაშვილის თქმით, ამ ტიპის ადამიანების აქტიურობამ ზოგადად საფრთხე შეიძლება გააჩინოს და ამის პირველი ნიშნები გარკვეული მოძრაობების სახით უკვე შეინიშნება.

"არიან დაინტერესებული ძალები, რომლებსაც ამ მიმართულებით პრობლემების შექმნა სურთ", - აღნიშნა გაბაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, წლების შემდეგ გარკვეული თემების აქტივაცია და კონკრეტული ადამიანების წახალისება ხდება, რომ მათ თავისუფლად იმოქმედონ.

გოკა გაბაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, ხომ არ სურს, ამ რეგიონთან დაკავშირებით ყველა იმ ადამიანის გამოცდილება გამოიყენოს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პოლიტპატიმართა სიასთან დაკავშირებით სამინისტრო გარკვეულ საკითხებს არ ეთანხმებოდა.

"იქ იყო კონკრეტული გვარები, რომლებზეც დღემდე გაქვს კითხვები. მათ შორის იყო ჩახალიანი. დღეის მდგომარეობით არანაირი საშიშროება არ არსებობს. ჩვენ ვფლობთ სიტუაციას რეგიონში, რომელიც თქვენ ახსენეთ. იქ არ არის მკვეთრი მოძრაობები, რაც მომცემს საფუძველს განვაცხადო, რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება", - აღნიშნა შს მინისტრმა.