ირაკლი ღარიბაშვილი:

ირაკლი ღარიბაშვილი: "გუნავას დაკავების მომენტში იარაღი ჰქონდა, თუმცა ამ საკითხზე შეკითხვებით პროკურატურას მიმართეთ"

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თენგიზ გუნავას დაკავების მომენტში იარაღი ჰქონდა, თუმცა ამ საკითხზე შეკითხვებით პროკურატურას უნდა მიმართონ.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

"მე არაერთგზის მისაუბრია გუნავასთან დაკავშირებით, თუ რა რეაგირება მოვახდინე მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა. საქმე გამოსაძიებლად წავიდა პროკურატურაში, რომელმაც გადასცა გენერალურ ინსპექციას გამოსაძიებლად, მე არ დაველოდე გამოძიების დასრულებას, იმისთვის, რომ მე დავრწმუნებულიყავი ჩაუდეს თუ არა მას ნარკოტიკი, დავავალე გენინსპექციას შესწავლა. პირადად დავინტერესდი ამ ამბით, შიდა მოკვლევით მე მივიღე პასუხი, რომ ნარკოტიკი არ ჰქონდა. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პროცესუალურ დარღვევაში მონაწილე 6 ადამიანი სამსახურიდან გავათავისუფლე. ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციის დასკვნაც ასეთი იყო. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩვენ აღარ ჩავუდებთ უდანაშაულო ადამიანებს იარაღს. ანუ კიდევ ერთხელ განვმარტავ, დაკავების მომენტისას გუნავას ჰქონდა იარაღი, მაგრამ დაიწყო გამოძიება და არ დადასტურდა, რომ ჩვენ მას იარაღი ჩავუდეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის შეკითხვაზე, თუკი გუნავას უკანონოდ ჰქონდა იარაღი, მაშინ რატომ არ დაიჭირეს ის, ღარიბაშვილმა უმცირესობა პროკურატურასთან გადაამისამართა.

"პროკურატურაში მიბრძანდით და იქ გაარკვიეთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.