ირაკლი ღარიბაშვილი სტატისტიკური მონაცემების სიმწირესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის შენიშვნას იღებს

ირაკლი ღარიბაშვილი სტატისტიკური მონაცემების სიმწირესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის შენიშვნას იღებს

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტატისტიკური მონაცემების სიმწირესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის შენიშვნას იღებს.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გოკა გაბაშვილი დაინტერესდა, ხდება თუ არა დანაშაულის ელექტრონული რეგისტრაცია.

"ხდება რა თქმა უნდა და გაუმჯობესებულია. უახლოეს ორ კვირაში წარმოგიდგენთ, თუ რა მეთოდოლოგია შევიმუშავეთ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა დანაშაული რეგისტრირდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დეპუტატ გიგი წერეთელის თქმით, სტატისტიკური მონაცემები, რასაც საზოგადოება დღეს იღებს, მწირია, რაზეც ღარიბაშვილმა მიუგო, რომ იგი უმცირესობის ამ შენიშვნას იღებს.

"მართალია, ვიღებ თქვენს შენიშვნას. თვის ბოლოდან ჩვენ სისტემატურად სტატისტიკის გამოქვეყნებას დავიწყებთ. უბრალოდ მთელი რიგი საკითხები იყო მოსაგვარებელი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.