ირაკლი ღარიბაშვილი:

ირაკლი ღარიბაშვილი: "წინასწარი დაკავების იზოლატორებში სრული გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი"

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "წინასწარი დაკავების იზოლატორებში დამონტაჟებულია ვიდეო-კამერები და სრული გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი".

ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

"არაერთგზის გვითქვამს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია. სისტემის ფარგლებში ის განსაკუთრებულ აქტუალურობას იჩენს დროებითი მოთავსების იზოლატორებში. 2012 წლის ოქტომბრამდე ეს დახურული დაწესებულება იყო, სადაც მონიტორინგის უფლება არავის ჰქონდა, დღეს კი წინასწარი დაკავების იზოლატორებში უზრუნველყოფილია სრული გამჭვირვალობა. საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზციების მიერ აღნიშნული დაწესებულების მონიტორინგი უკვე რამდენჯერმე განხორციელდა. დაკავებულთა უფლებების დაცვის მიზნით დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორის დერეფანში დამონტაჟებულია ვიდეო-კამერები, შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნით. ასევე განიხილება ადმინისტრაციული პატიმრობის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე დაგეგმილია მთელი რიგი ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების პროექტები. ჩვენი სამინისტროს აკადემიაში 2 თვის განმავლობაში პროგრამები გადამუშავდა. შემუშავდა მსმენელთა პრაქტიკული და თეორიული უნარ-ჩვევენის სისტემა. დაწყებულია "პოლიციელთა შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა. საქართველოში დღემდე მოქმედებს პოლიციის შესახებ 1993 წელს მიღებული კანონი, რომელიც საბჭოთა პერიოდის მილიციის შესახებ კანონის გადმონაშთია. ვმუშაობთ, პოლიციის რებრენდინგზე. ამასწინათ შეიქმნა ახალი საპატრულო ეკიპაჟი. პატრულირება მოხდება არა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალებზე, არამედ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე. ჩვენ საპატრულო ეკიპაჟის რაოდენობა გავზარდეთ. ახლა იგივე რეგიონებში, კერძოდ, სამეგრელოდან დავიწყეთ, კახეთში დავამატეთ და გვინდა, რომ ყველა რეგონში გაზარდოთ. შსს სამინისტროს ცხელი ხაზი "126" 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს და აძლევს მოქალაქეებს შესაძლებლობას, რომ სამართალდამცველთა მხრიდად კანონდარღვევის შემთხვევაში გენერალურ ინსპექციას მიმართოს. 23-24 თებერვალს საქართველოს მასშტაბით პოლიციელთა უპრეცედენტო ტესტირება ჩატარდა. ტესტირება უწყების დაახლოებით, 10 000-მა თანამშრომელმა გაიარა. მისი მიზანი ხარვეზების იდენტიფიკაცია და შესაბამისი გადამზადების კურსების დაგეგმვა იყო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მინისტრმა მის საზღავარგარეთ ვიზიტებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში მისი აშშ-ში ვიზიტი გამოყო.