დაზარალებულ მოვაჭრეებს მერია ანგარიშზე 2 000 ლარს ჩაურიცხავს

დაზარალებულ მოვაჭრეებს მერია ანგარიშზე 2 000 ლარს ჩაურიცხავს

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს მერია ანგარიშზე 2 000 ლარს ჩაურიცხავს. 

თბილისის მერი, გიგი უგულავა დღეს სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მიყენებული ზარალის ოდენობისა და ხარისხის განსაზღვრის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქნა, რომლის შემადგენლობაში დამკვირვებლის სტატუსით თბილისის მერიის წარმომადგენლებიც შევიდნენ. სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლენილი შედეგების გაცნობის შემდეგ, თბილისის მერიამ გადაწყვეტილება მიიღო, "საბას" თითოეული მოვაჭრისთვის სალარო აპარატები შეეძინა, რომელიც მათ საჩუქრად გადაეცემათ.

შეხვედრაზე გიგი უგულავამ მოვაჭრეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმად თბილისის მერია თითოეულ მათგანს საკუთარ ანგარიშზე 2 000 ლარს ჩაურიცხავს. "აღნიშნული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნია დაზარალებული მეწარმეებისათვის, რადგან მათ უმრავლესობას საქონელი და მაღაზია დაზღვეული არ ჰქონდა", _ აცხადებენ მერიაში.

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძარი 26 თებერვალს მოხდა. 6 000 კვ.მეტრ ფართობზე გავრცელებულმა ხანძრმა 164 მცირე მეწარმე დააზარალა. ზარალის ოდენობამ რამოდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.