ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვარ, უმცირესობის ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვარ, უმცირესობის ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო

საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, უმცირესობის მიერ დასმულ ნებისმიერ კითხვას უპასუხოს,- ამის შესახებ ღარიბაშვილმა ფოთში განაცხადა, სადაც პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. 

"მე განვაცხადე, რომ პატივს ვცემ პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს. შესაბამისად, ვემორჩილები კანონს. უმცირესობის მხრიდან ჩემი მიწვევა პარლამენტში იქნა მიღებული. მზად ვარ, პასუხი გავცე მათ მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას, შესაბამისად სხვა არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, შს მინისტრიეს თქმით, ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის გართულებასთან დაკავშირებული განცხადებები დაუსაბუთებელია.

"მაგალითად, მე შემიძლია ვთქვა ხუმრობით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ურთიერთობა აქვს "ალ ქაიდასთან", გჯერათ ახლა ამის? აი, ისევე არ გვჯერა არავის",-აცხადებს შსს მინისტრი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ფოთში პოლიციის ახალ შენობა გახსნა, რომელშიც რამდენიმე სამსახური განთავსდება. მათ შორის - სამეგრელო-ზემო სვანეთის ცენტრალური კრიმინალური სამმართველო, ფოთის საქალაქო სამმართველო, საპატრულო პოლიცია და დროებითი მოთავსების იზოლატორი. აღნიშნული სამსახურები, დღემდე სხვადასხვა შენობებში იყო განთავსებული. ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვა. მინისტრის განცხადებით, ხვალიდან პოლიციის შენობების ახალი დიზაინის პროექტებზე კონკურსი გამოცხადება.
საპარლამენტო უმცირესობასთან ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა 15.00 საათზე უნდა დაიწყოს.