აკაკი ბობოხიძე:  საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად ძაბავს ურთიერთობას ევროპასთან

აკაკი ბობოხიძე: საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად ძაბავს ურთიერთობას ევროპასთან

დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მმართველ გუნდს ურჩევს, "შეეგუოს, რომ 2003 წელს მოსულ ხელისუფლებას მეტს პატიობდნენ და ნაკლებს სთხოვდნენ, ხოლო დღევანდელ ხელისუფლებას ნაკლებს აპატიებენ და მეტს მოსთხოვენ". 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ბობოხიძემ აღნიშნა, ეს ხდება არა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვინმეს ბიძინა ივანიშვილზე მეტად უყვარს, არამედ იმიტომ, რომ მაშინ ქვეყანა ახალფეხადგმული იყო და 2003 წელს მოსული ხელისუფლებისგან ნაკლებს ითხოვდნენ.

"დღეს ქვეყანა წინ წავიდა და თუ წინ წავიდა, ბუნებრივია, მეტი მოთხოვნები იქნება, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე - შიგნით", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი.

გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, "მას აშინებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებას ანტიევროპულ და პრორუსულ განწყობებს აპარებს, რაც შემდგომში ანტიევროპულ და პრორუსულ პოლიტიკად შეიძლება იქცეს".

"აღარავინ უკვირდება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ტონით შეგნებულად ძაბავს ურთიერთობას ევროპასთან; არავის უკვირდება იმას, რომ ეს ყველაფერი რუსეთთან ზედმეტად ენის მოჩლექვის ფონზე ხდება. აღარავინ უფიქრდება, რომ საქართველოს ხელისუფლება მებრძოლის პოზიციაში ჩადგა ევროპასთან, მაშინ როცა ევროპა არც ტანკით შემოვარდება და არც თვითმფრინავით დაგვბომბავს. ხელისუფლება დაუმახურებელი რიხით ელაპარაკება ევროპას მაშინ, როდესაც "კალინკა კამალის" უმღერის და ტაშ-ფანდურას უმართავს რუსეთის ხელისუფლებას. ეს იმ ფონზე, როცა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მავრთულხლართების ღობეების გაყვანა გრძელდება", - განაცხადა ბობოხიძემ.