დავით ზალკალიანი:  პარლამენტი ევროპული ქარტიის რატიფიცირებაზე გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებიდან მიიღებს

დავით ზალკალიანი: პარლამენტი ევროპული ქარტიის რატიფიცირებაზე გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებიდან მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ახალქალაქის საკრებულოს თხოვნაზე, ევროპული ქარტიის რატიფიცირების შესახებ, გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი განმარტებით, ეს არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ 1999 წელს, ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს აიღო.

"ბუნებრივია, ყველა საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც საქართველოს აქვს აღებული, შესასრულებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება და გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე იქნება დაფუძნებული", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ახალქალაქის საკრებულო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ევროპული ქარტიის რატიფიცირების თხოვნით, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრისას ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ჰამლეტ მოვსისიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, საკრებულოს წევრები რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებას და შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვენ.