დავით ზალკალიანი:

დავით ზალკალიანი: "ევროპის სახალხო პარტიისთვის" განმარტებების გაკეთება აუცილებელი იყო

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ "ევროპის სახალხო პარტიისთვის" განმარტებების გაკეთება აუცილებელი იყო, რადგან ისინი ინფორმაციას ცალმხრივად "ნაციონალური მოძრაობიდან" იღებენ. 

ასე გამოეხმაურა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანი "ევროპის სახალხო პარტიასთან" პრემიერის მიმოწერას. როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, "ევროპის სახალხო პარტიის" რეაქცია გამოწვეულია იმით, რომ მათ ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდებოდათ; ეს იყო ხშირ შემთხვევაში ცალმხრივგი და სუბუექტური ინფორმაცია.

"იმისთვის, რომ ეს არ იყოს ცალმხრივი, მთავრობამ გადაწყვიტა ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდოს "ევროპის სახალხო პარტიას" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, "ევროპის სახალხო პარტია" არ არის ევროპა, ეს არის ერთ-ერთი დიდი გაერთიანება ევროპარლამენტში, თუმცა ევროპარლამენტში არის "სახალხო პარტიაზე" არანაკლები მნიშვნელობის და გავლენის გაერთიანება.

"მე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ ფაქტს, რომ მხოლოდ "სახალხო პარტიის" განცხადებებზე კეთდება ქართულ მედიაში აქცენტები, როდესაც 15 მარტს არანაკლებ გავლენიანმა "ევროპის ლიბერალ დემოკრატიულმა და რეფორმისტული პარტიის" თავმჯდომარემ, გრენ ვოტსონმა შეფასება მისცა "სახალხო პარტიის" განცხადებებს. მე მინდა ციტატა მოგიყვანოთ მისი ინტერვიუდან, სადაც ის ამბობს, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" შეტევა ივანიშვილის მთავრობაზე სცდება გონებრიობის ფარგლებს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ეს პარტიაც არის ევროპის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური გაერთიანება და მან მედიას სთხოვა, როდესაც გაშუქება ხდება მხოლოდ "სახალხო პარტიის" განცხადებების, ყურადღება მიაქციონ სხვა არანაკლები გავლენის, ძალის მქონე პირების განცხადებებსაც.