იმერეთში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი იწყება

იმერეთში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი იწყება

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, იმერეთში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი იწყება. აღნიშნული განცხადება მინისტრმა დავით დარახველიძე დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

მისნისტრის განცხადებით, ახლად შემუშავებული დევნილთა განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, იმერეთის რეგიონში დევნილებისთვის ბინების განაწილება ერთ თვეში დაიწყება. დავით დარახველიძემ იმერეთში დარეგისტრირებულ იმ დევნილ ოჯახებს, რომელთაც სახელმწიფოსგან 19 წლის განმავლობაში არაფერი მიუღიათ, სთხოვა, მივიდნენ დევნილთა სამინისტროს იმერეთის რეგიონალურ სამმართველოში და შეავსონ სპეციალური განაცხადი.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დღემდე უწყებას დევნილებისთვის ბინების განაწილების კრიტერიუმები არ გააჩნდა. დღეს მოქმედი კრიტერიუმებით კი, იმ დევნილ ოჯახს ენიჭება პრიორიტეტი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს.

მინისტრ დავით დარახველიძის განცახდებით, მალე დევნილები ტყიბულში 35-ბინიან საცხოვრებელ სახლში, სამტრედიაში 84-ბინიან საცხოვრებელ სახლში, წყალტუბოში 49 და 17-ბინიან სახლებში, ხოლო ქუთაისში 20-ბინიან სახლში შესახლდებიან. სულ აღნიშნული პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში პირველ ეტაპზე 205 ბინა განაწილდება.