მაია ფანჯიკიძე ნიდერლანდებს ეწვევა

მაია ფანჯიკიძე ნიდერლანდებს ეწვევა

24-26 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვიზიტით ნიდერლანდებს ეწვევა, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე თავის კოლეგას შეხვდება, რომლის დროსაც საუბარი შეეხება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითად მიმართულებებს, ასევე განიხილება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი ნიდერლანდებში ვიზიტის დროს სიტყვითაც გამოვა და საზოგადოებას გააცნობს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებს. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება ორი ღონისძიება, კერძოდ მაია ფანჯიკიძე ჰააგაში და როტერდამში, საქართველოს საპატიო საკონსულოების გახსნას დაესწრება. ამასთან, 24 მარტს ჰააგაში მაია ფანჯიკიძე შეხვდება ევროპის ქვეყნებში საქართველოს ქვეყნებში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულებს.

"ეს იმითაა განპირობებული რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ელჩი არ ჰყავს საქართველოს", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ევროპის ძირითად წამყვან ქვეყნებში ელჩები საქართველოს იმის გამო არ ჰყავს, რომ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ელჩების დანიშვნის ბრძანებას ხელს არ აწერს და აქედან გამომდინარე, მაია ფანჯიკიძე ევროპის ქვეყნებში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულებს შესაბამის ინსტრუქციებს გააცნობს.