ევროკავშირის ოფისთან ორმა მოქალაქემ

ევროკავშირის ოფისთან ორმა მოქალაქემ "ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაცია გააპროტესტა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ორმა მოქალაქემ "ევროპის სახალხო პარტიის" 13 მარტის დეკლარაცია გააპროტესტა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მათგანმა სოსო გელაშვილმა განუცხადა, მათთვის მიუღებელია, "ევროპის სახალხო პარტია" ახალი ხელისუფლების ქმედებებს უარყოფითად მთელი ევროპის სახელით აფასებდეს.

მოქალაქეები ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, მათი პროტესტი "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარეებთან მიიტანონ და აუხსნან, რომ ყველაფერი, რაც საქართველოში ახალი ხელისუფლების პირობებში ხდება, უკან გადადგმული ნაბიჯი არ არის.

"დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოვედი, რათა საქართველოს შესახებ 2013 წლის 13 მარტს "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მიღებული დეკლარაცია დავგმო. მინდა მივმართო "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარეობას შეკითხვით - სად იყვნენ მაშინ, როცა ყოფილი ხელისუფლების დრო დაარბიეს ტელეკომპანია "იმედი", როცა მასობრივი მშვიდობიან მანიფესტაცია ირბეოდა და როცა მოსამართლეებს 99 პროცენტ შემთხვევაში გამოჰქონდა გამამტყუნებელი განაჩენი და მაშინ, როცა ციხეებში პატიმრებს სასტიკად აწამებდნენ. "ევროპის სახალხო პარტია" არ არის მთლიანად ევროპა და მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია არ წარმოადგენს ევროპელი ხალხის პოზიციას. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობისგან ვითხოვთ, რომ ჩვენი მესიჯი გადასცენ "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარეობას და აუხსნან, რომ ის ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში, არ არის უკან გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა სოსო გელაშვილმა.

აღნიშნულ კონტექსტში მათ "ნაციონალურ მოძრაობასა" მოუწოდეს, რომ ხალხის სახელით არ ისაუბრონ, როგორც ამას ევროპის სახალხო პარტია აკეთებს ევროპის სახელით.