გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის პროცესი დღეს განახლდება

გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის პროცესი დღეს განახლდება

გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება ,თუმცა პროცესი მკვლელობის საქმეს არ ეხება. გიორგი ბარათელს ბრალად ედება უკანონო ნივთის - ე.წ შტირის შენახვა- მოხმარება, რისთვისაც მას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბარათელის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ აცნობა, პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. კერძოდ, ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლი ორთაჭალის #1 საპყრობილის თანამშრომლებს მოუსმენს, რომლებიც აცხადებენ, რომ ბარათელმა თანასაკნელს საპატიმროს დერეფანში ზურგში "შტირი" ჩაარტყა, შემდეგ გაიქცა და "შტირი" დერეფანში დააგდო.
"ბრალდების მხარის მთავარ მტკიცებულებაზე - ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ ფირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზა ჩაატარა და "შტირის" ჩარტყმის ფაქტი არ დაადასტურა. საქმის მასალების მიხედვით, ე.წ შტირზე ბარათელის თითის ანაბეჭდები არ არის. გამოძიების დროს ბარათელის 18-ვე თანასაკნელი დაიკითხა. მათგან მხოლოდ ერთი - ადამ ზარიძე ირწმუნება, რომ "შტირი" ბარათელმა თანასაკნელ ჭონიაშვილს ზურგში ჩაარტყა. ეს მოწმე თავიდან ფიქრობდა, რომ ბარათელმა თანასაკნელ ჭონიაშვილს მუშტი ჩაარტყა, მაგრამ შემდეგ დაასკვნა, რომ ეს მუშტი კი არა "შტირი" ყოფილა", - აცხადებს მამუკა ნოზაძე.

ბარათელის საქმეს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი განიხილავს.