ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებაზე დღეს პარლამენტში დახურულ სხდომას გაიმართება

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებაზე დღეს პარლამენტში დახურულ სხდომას გაიმართება

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულების საკითხზე დღეს სამი საპარლამენტო კომიტეტი სპეციალურ, დახურულ სხდომას გამართავს .

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრები საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართულ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუსმენენ. სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიწვეული არიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თეა ახვლედიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, მომავალ კვირას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი იმართება. დეპუტატებს კი სურვილი აქვთ, იყვნენ საქმის კურში პროცესების მიმდინარეობისა და მასთან დაკავშირებული დეტალების შესახებ. მისივე თქმით, ხელშეკრულების პროექტის მოთხოვნა და პირობაა, რომ საკითხის განხილვა საჯაროდ არ მოხდეს და, შესაბამისად, დღევანდელი სხდომა მედიისთვის დაიხურება.

"ჩვენ ვილნიუსის სამიტისთვის ვემზადებით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებებს წარმატებით დავასრულებთ. სურათი ძალიან ოპტიმისტურია. ახალმა ხელისუფლებამ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იმაზე მეტი პროგრესის მიღწევა შეძლო, ვიდრე წინა ხელისუფლებმა 2010 წლიდან ხელისუფლების შეცვლამდე მიაღწია", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ზვიად კვაჭანტირაძემ.