ელენე ხოშტარია:

ელენე ხოშტარია: "აბსულუტურად გაუგებარია, რას უნდა ემსახურებოდეს კინკლაობა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს პარტიასთან"

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას განცხადებით, "აბსულუტურად გაუგებარია, რას უნდა ემსახურებოდეს კინკლაობა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს პარტიასთან".

ამის შესახებ ხოშტარიამ "ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაციის მიმართ საქართველოს მთავრობის საპასუხო წერილის კომენტირებისას განაცხადა.

"ძალიან საზიანო ფორმა მიიღო ამ ეპისტოლარულმა მიმოწერამ, რომელშიც ჩვენ უკვე ვჩანვართ, როგორც ჯინიანი მხარე, რომელიც თავისას ამტკიცებს. თუ ჩვენ ინტერესებს გავითვალისწინებთ და მივხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის დასავლეთთან მზარდი წინსვლა ბევრ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა უსაფრთხოების საკითხები, ასოცირების ხელშეკრულება თუ ნატო-ში ინტეგრაცია, აბსულუტურად გაუგებარია, რას უნდა ემსახურებოდეს კინკლაობა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს პარტიასთან", - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსნებთ, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაცია 14 მარტს გამოქვეყნდა. დეკლარაციას საქართველოს მთავრობამ დღეს ვრცელი წერილით უპასუხა

წერილში აღნიშნულია, რომ "დეკლარაცია ბუნდოვანია, შეიცავს მკაცრ კრიტიკას ყოველგვარი მაგალითებისა და დასაბუთების გარეშე და ასახავს საქართველოს ოპოზიციური პარტიის – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ პოზიციას, იმის ნაცვლად, რომ სათანადოდ იყოს შესწავლილი და დაბალანსებულად იყოს შეფასებული საქართველოში შექმნილი ვითარება".