ბარათელის საქმის განხილვა 18 მარტს გაგრძელდება

ბარათელის საქმის განხილვა 18 მარტს გაგრძელდება

ორშაბათს 18 მარტს 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი, გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის საქმის განხილვას განაგრძობს.

ბარათელს ბრალად ედება უკანონო ნივთის - ე.წ. თვითნაკეთი შტირის შენახვა-მოხმარება, რისთვისაც მას ბრალი სამ წლამდე შეიძლება დაუმძიმდეს.

ბარათელის ინტერესებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავს.

18 მარტს დანიშნულ სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან ბრალდების მოწმეები - ორთაჭალის N1 საპყრობილის თანამშრომლები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ბარათელმა თანასაკნელს საპატიმროს დერეფანში ზურგში „შტირი“ ჩაარტყა, შემდეგ გაიქცა და „შტირი“ დერეფანში დააგდო.

ბრალდების მხარის მთავარ მტკიცებულებაზე - ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ ფირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზა ჩაატარა და „შტირის“ ჩარტყმის ფაქტი არ დაადასტურა. ამასთან, ბარათელის საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. შტირზე ბარათელის თითის ანაბეჭდები არ არის.

გამოძიების დროს ბარათელის 18-ვე თანასაკნელი დაიკითხა. მათგან მხოლოდ ერთი - ადამ ზარიძე ირწმუნება, რომ „შტირი“ ბარათელმა თანასაკნელ ჭონიაშვილს ზურგში ჩაარტყა. ეს მოწმე თავიდან ფიქრობდა, რომ ბარათელმა თანასაკნელ ჭონიაშვილს მუშტი ჩაარტყა, მაგრამ შემდეგ დაასკვნა, რომ ეს მუშტი კი არა „შტირი“ ყოფილა.