ქართული შინაარსის აბრებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს

ქართული შინაარსის აბრებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს

საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც აბრებზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულებას სავალდებულოს ხდის , ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

"რეკლამის შესახებ" კანონში და მასთან ერთად "ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემელაძემ შესთავაზა, განსახილველად პირველი მოსმენით გადის.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, "რეკლამის შესახებ" კანონში ტერმინის "აბრა" განმარტება შემოდის და მასში ისიც იწერება, რომ აბრა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაზე ვრცელდება. ამასთან, როგორც კანონმდებელი განმარტავს, აღნიშნული მოთხოვნისა და ვალდებულების დაწესება არ გამორიცხავს იმას, რომ აბრაზე დატანილი წარწერა ქართულ ენასთან ერთად, უცხო ენაზეც შესრულდეს.

ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, აბრის დაკვეთისა და მისი განთავსებისთვის დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებენ. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის - 200 ლარის, ხოლო იურიდიული პირის - 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.