აჭარელი ეკომიგრანტები ხელისუფლების პასუხს ისევ თბილისის შემოსასვლელთან ელოდებიან

აჭარელი ეკომიგრანტები ხელისუფლების პასუხს ისევ თბილისის შემოსასვლელთან ელოდებიან

აჭარელი ეკომიგრანტები ხელისუფლების პასუხს ამ დრომდე თბილისის შემოსასვლელთან ელოდებიან. ისინი წალკის გამგებლის, ჯონი საბაძისა და პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კვალიაშვილის გადადგომას ითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკომირანტებმა განუცხადეს, საბაძე გამგებლად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაინიშნა, თუმცა, ის "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებს, წალკაში აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნის და აიძულებს წალკა დატოვონ.

"მიწა არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს, საფლავის ადგილი არ გვაქვს, საკუთარი არაფერი გაგვაჩნია", - აცხადებენ ეკომიგრანტები. მათივე თქმით, ისინი გუშინ შეხვდნენ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და საკუთარი პრობლემები და მოთხოვნები გააცნეს. ეკომიგრანტების განცხადებით, პატრიარქი მათ დახმარებას დაჰირდა.

ამ დროისთვის თბილისის შემოსასვლელში დაახლოებით თხუთმეტამდე მიკროავტობუსია გაჩერებული. როგორც ეკომიგრანტები აცხადებენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი აჭარაში დაბრუნდებიან და აჭარის მთავრობას თავშესაფარს მოსთხოვენ.