საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბუქარესტში, რუმინეთის ეროვნულ გუნდთან ევროპის 2013 წლის ერთა თასის ბოლო ტურის მატჩი გამართა. მატჩი ფრედ, 9:9 დასრულდა, რითაც საქართველოს ნაკრებმა ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნა.
მატჩის მე-7 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს. მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაიხსნა - 0:3. 16-ე წუთზე შერკინებაში ქართველი მორაგბეები კარგად ვერ დადგნენ, რისთვისაც დაჯარიმდნენ. ქართველთა კარის წინ მყოფ ფლორიან ვლაიკუს კი გატანა არ გასჭირვებია - 3:3. 21-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კვლავ შერკინებაში დაჯარიმდა, ვლაიკუმ ზუსტად დაარტყა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა - 6:3. ანგარიშის გათანაბრება საქართველოს ნაკრებმა 33-ე წუთზე შეძლო.
"ბორჯღალოსნებმა" მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს. მასპინძლები დაჯარიმდნენ, მერაბ კვირიკაშვილმა დარტყმა ზუსტად შეასრულა და გუნდი წინ გაიყვანა - 6:9.
თუმცა რუმინელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და მატჩი საბოლოოდ, ანგარიშით 9:9 დასრულდა.