დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდებათ

დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდებათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხვალ, თბილისში ჯავახეთის ქ. #68-ში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდებათ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, სამედიცინო აქციის ფარგლებში, 90-მდე დევნილი უფასო სამედიცინო მომსახურებას გაივლის. იძულებით გადაადგილებული პირები თერაპევტის, პედიატრის, ექიმი-სპეციალისტების (კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი), კონსულტაციას მიიღებენ. ასევე, ულტრასონოგრაფიული, ელექტროკარდიოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო დევნილებსაც ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს. ყველა მათგანი საჭიროებისამებრ უფასო მედიკამენტებსა და წნევის საზომ აპარატს მიიღებს.