გურამ დონაძე:  ვიდეომასალას ექსპერტიზა სამოყვარულო პროგრამაში ჩაუტარდა

გურამ დონაძე: ვიდეომასალას ექსპერტიზა სამოყვარულო პროგრამაში ჩაუტარდა

შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსის, გურამ დონაძის განცხადებით, საექსპერტო კრიმინალისტიკურმა მთავარმა სამმართველომ ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებულ ვიდეომასალას ექსპერტიზა სამოყვარულო პროგრამაში ჩაუტარა. 

როგორც დონაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, მას გადაეცა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მისი შეფასებით, სამარცხვინოა.

"ექსპერტიზის დასკვნა არ არის ოთხმოც გვერდიანი და პირველივე ტყუილი არის ეს. დასკვნის არსებითი ნაწილი ორი გვერდია. დანარჩენი გვერდები, რაც ოთხმოცს ითვლის არის შეფასებითი, კნინობითი ნაცვალსახელები და "დასკრინშოტებული" ფოტოსურათები. ყველაზე სამწუხარო და სამარცხვინო რაც არის, ექსპერტიზა ჩატარებულია pinnacle studio-ს პროგრამაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კლასის, სამოყვარულო და არაპროფესიონალი პროგრამა. ამ პროგრამით თუ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავარი კრიმინალისტიკური ექსპერტიზა ჩათვალეთ, რომ თუ რამე ამ ქვეყანაში ექსპერტიზა ჩატარებულა, ყველაფერი თითქმის არის ყალბი", - აღნიშნა დონაძემ.

მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში, მისთვის ბევრი სასარგებლო რამ "გაეპარათ".

"აქ წერია, რომ ალოგიკურად მიმდინარეობს გადაღება. სირცხვილია, რომ მთავარი საგამოძიებო კრიმინალისტიკური ბიურო ამბობს, რომ ალოგიკურობასთან გვაქვს კავშირი. ალოგიკური გადაღება როგორ შეიძლება არ იყოს ამ მასალაში, როცა მოვლენები ვითარდება შემთხვევის ადგილზე, დაუგეგმავად. თუმცა ეს ჩემთვის კარგია, ე.ი. გამოდის, რომ რადგან ალოგიკურია მასალა, სცენარი არ ყოფილა დადგმული, იქ იარაღების მიტანა, გამოდის, რომ არ ყოფილა დადგმა ბუტასთვის ტყვიის მოხვედრა და ა.შ. ეს კარგია. ეს არის ჩვეულებრივი სამარცხვინო დასკვნა, თუმცა მათივე სამარცხვინო დასკვნაში ჩვენთვის ძალიან ბევრი სასარგებლო რამ, შეიძლება ითქვას, გაეპარათ", - განმარტა დონაძემ.

მისივე შეფასებით, სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის მთავარმა საექსპერტო ბიურომ არ იცის, რა არის მეხსიერების ბარათი და ასევე არ იციან, რომ მეხსიერების ბარათით არ ხდება სატელევიზიო სტანდარტით დადგენილი კადრის გადაღება.

დონაძის ცნობით, ორშაბათს, იგი წარმოადგენს იმ ფაქტებს, რომლებიც მისი შეფასებით, კრიმინალურმა ექსპერტიზამ არ გამოააშკარავა და დამალა.