ახალქალაქის საკრებულო დავით უსუფაშვილს უმცირესობის ენებზე ქარტიის რატიფიცირების თხოვნით მიმართავს

ახალქალაქის საკრებულო დავით უსუფაშვილს უმცირესობის ენებზე ქარტიის რატიფიცირების თხოვნით მიმართავს

ახალქალაქის საკრებულო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ევროპული ქარტიის რატიფიცირების თხოვნით, სავარაუდოდ, ორშაბათს მიმართავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრისას ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ჰამლეტ მოვსისიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, საკრებულოს წევრები რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებას და შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვენ. მოვსისიანის ცნობით, მიმართვის შემუშავების ინიციატორია საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელები", რომელსაც სარგის უზუნიანი ხელმძღვანელობს.

ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარემ "ინტერპრესნიუსს" გააცნო მიმართვის ტექსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. სტილი დაცულია.

"ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოგმართავთ საქართველოს კონსტიტუციაში რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებისკენ მიმართული საკონსტიტუციო ცვლილების შეტანის მხარდასაჭერად. აღნიშნული საკითხი შესულია და შესწავლილია საკრებულოს სხდომაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" ფრაქციის ინიციატივით. საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობიდან გამომდინარე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს საქართველოს კონსტიტუციაში საკონსტიტუციო ცვლილების შეტანის საკითხზე საქართველოს პარლამენტის სრული მხარდაჭერის იმედი. 1999 წლის ევროსაბჭოში ინტეგრაციის დროს საქართველომ იკისრა ვალდებულება ევროპული ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიცირებისა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მიერ ევროპული ქარტია ხელმოწერილია, მაგრამ არ არის რატიფიცირებული, იმის გაცნობიერებით, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ან რეგიონებში რეგიონული ან უმცირესობის ენების დაცვა და მათთვის ხელშეწყობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს, .დემოკრატიისა და კულტურული მრავალფეროვნების პრინციპებზე დაფუძნებული ევროპის მნიშვნელობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში კულტურული ურთიერთობებისა და მრავალეროვნების ღირებულებების ხაზგასმით. მხედველობაში ვიღებთ ეუთო-ს მიერ შესრულებულ სამუშაოს, კერძოდ 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტს და 1990 წლის კოპენჰაგენის შეხვედრის დოკუმენტს იმის გათვალისწინებით, რომ უმცირესობების ენების დაცვამ და წახალისებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ოფიციალურ ენებს და მათ შესწავლას. გთხოვთ, დაამტკიცოთ ქარტია", - აღნიშნულია ტექსტში.