დავით სააკაშვილი თეა წულუკიანს პასუხობს

დავით სააკაშვილი თეა წულუკიანს პასუხობს

იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველკოს პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პასუხობს. "ინტერპრესნიუსი" დავით სააკაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

"2013 წლის 16 მარტს მოსამართლეებთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იუსტიციის უმაღლეს სკოლაზე და გააკრიტიკა მისი მუშაობა. მან ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტის ძმა არ უნდა მართავდეს მომავალ და არსებულ მოსამართელთა განათლების პროცესს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორად მე დავინიშნე 2001 წელს, ხოლო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან, რათა თავიდან ამეცილებინა პოლიტიკური სპეკულაციების გამძაფრება, რაც უარყოფითად აისახებოდა სკოლის განვითარების პროცესზე.

ქალბატონი თეა სკოლის საქმიანობის შეფასებისას ცრუობს! ბოლო 10 წლის მანძილზე, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით, სკოლამ უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და პროფესიონალი მოსამართლეების მომაზადების/გადამზადების ცენტრი გახდა. მინისტრი ძალიან ცდება, როდესაც ამ სკოლის ყველაზე დიდ "განსაცდელად" მე მასახელებს, ჩემი პრეზიდენტთან ნათესაური კავშირის გამო!

მინდა მივმართო ქალბატონ თეას: ის დღეს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამინისტროს და არ შეეფერება ამგვარი უპასუხისმგებლო, პოლიტიკური განცხადებები. დემოკრატიულ სახელმწიფოში "გვარებად" საზოგადოების დაყოფა დაუშვებელია. ეს მას უნდა ესმოდეს, როგორც დასავლური ღირებულებების მატარებელ სახელმწიფო მოღვაწეს. ვაცხადებ, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე და ჩვენი კონსტიტუცია იცავს ყოველი ჩვენგანის დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას მიუხედავად იმისა, თუ რას საქმიანობენ ჩვენი ძმები და მამები", - აცხადებს დავით სააკაშვილი.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა რომ პრეზიდენტის ძმა არ უნდა იყოს მოსამართლეთა მჭედელი.

წულუკიანმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა და აღნიშნა - ეს მისასალმებელია თუნდაც იმ კუთხით, რომ "გარეგნული მხარე ბევრს ნიშნავს".