იუსტიციის საბჭოს მდივანი იუსტიციის სამინისტროს კარგად დაფიქრებისკენ მოუწოდებს

იუსტიციის საბჭოს მდივანი იუსტიციის სამინისტროს კარგად დაფიქრებისკენ მოუწოდებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, სასმართლო გადაწყვეტილებების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადაწყვეტილების მიღებამდე, იუსტიციის სამინისტროს კარგად დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი "ძალიან საფრთხილოა", იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ მოსამართლეთა საქმიანობას უკავშირდება.

"ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოსამართლეების საქმიანობას, არის ძალიან საფრთხილო გადაწყვეტილება. ვიმედოვნებ, რომ იუსტიციის სამინისტრო ამაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს იფიქრებს", - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, ამ საკითხზე მოსამართლეთა კორპუსთან მსჯელობა და განხილვა მნიშვნელოვანია, თუმცა მოსამართლეთა მხრიდან გამოთქმული აზრი გათვალისწინებული უნდა იქნას და იუსტიციის მინისტრი მხოლოდ მათი მოსაზრებების მოსმენით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

"განხილვა არ უნდა იყოს მხოლოდ განხილვა და მოსამართლეების გამოთქმული აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული", - მიიჩნევს ცერცვაძე, რომლის აზრითაც, ყველაზე მთავარი პრინციპია - თუკი ხარვეზების დამდგენი კომისია მოამზადებს დასკვნას, რომ მოსამართლემ დაუშვა შეცდომა, ეს არ გახდეს მის მიმართ დისციპლინური თუ სხვაგვარი დევნის დაწყების საფუძველი.
როგორც ცერცვაძე აცხადებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტს "გარკვეული სუბიექტური ხასიათი მიეცემა, რაც არავის ინტერესებში არ შედის".

"მოსამართლეთა კორპუსის მოსაზრება არის ის, რომ თუ შეცდომა იქნა დაშვებული, მისი გამოსწორების შესაძლებლობა კარგია, თუმცა არავითარ შემთხვევაში მოსამართლეები არ უნდა გახდნენ მათ მიერ წარსულში დაშვებული შეცდომების მსხვერპლი მომავალში", - დასძინა ცერცვაძემ.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის მიერ მოსამართლეთა შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს, რომ მოსამართლეები პროკურატურის გავლენისგან აბსოლუტურად თავისუფლები არიან, ცერცვაძე აღნიშნულს მიესალმება და აცხადებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტირების უზრუნველყოფა აუცილებელია.

"კარგია, რომ ქვეყანაში არსებობდეს სისტემურად გარანტირებული მოსამართლეთა დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მესიჯებს მივესალმები, თუმცა მეორე მხრივ თითოეული მოსამართლე კარგად გრძნობს არსებულ სიტუაციას. მოსამართლეთა კორპუსი დღეს არის ძალიან მყარად მოწოდებული იმისთვის, რომ სასამართლო დამოუკიდებლობისთვის წინ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. ჩვენ გვყავს ის სასამართლო კორპუსი, რომელსაც შეუძლია, იყოს ღირსეულად დამოუკიდებელი", - აღნიშნა ვალერი ცერცვაძემ.