კოტე კუბლაშვილი გარკვეულ შეცდომებს აღიარებს

კოტე კუბლაშვილი გარკვეულ შეცდომებს აღიარებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი გარკვეულ შეცდომებს აღიარებს, თუმცა ფიქრობს, რომ მათი გამოსწორება ისეთი გზით არ უნდა მოხდეს, რომელიც კიდევ ერთი შეცდომა იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კუბლაშვილმა განცხადება იუსტიციის მინისტრისა და მოსამართლეების შეხვედრაზე გააკეთა.

მისივე განმარტებით, დაშვებული შეცდომების გამოსწორების ის გზა, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივის სახით იუსტიციის სამინისტროს აქვს წარმოდგენილი, შესაძლოა, გარკვეულ შეცდომას წარმოადგენდეს.

"შეცდომები ყოველთვის და ყველგან ხდება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ არსებობს შეცდომების გამოსწორების სამართლებრივი გზები და ეს სამართლებრივი გზები თითოეული ქვეყნის კანონმდებლობაში ჩამოყალიბებულია. ეს გაკეთებულია ჩვენთანაც და არსებობს ამის სამართლებრივი საშუალებები. თუ შეცდომების გამოსწორება გვინდა, ეს უნდა მოვახდინოთ სწორედ სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით. მე არ მინდა დავუშვა, რომ შეცდომები, რომელიც ჩადენილი იყო და კიდევ ვიმეორებ, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც შეიძლება ხდებოდეს, გამოვასწოროთ ისეთი გზით, რომელიც კიდევ ერთი შეცდომა იქნება", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე განმარტებით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის კანონპროექტთან დაკავშირებით პირადად მას რამდენიმე შენიშვნა აქვს, მათ შორის ერთ-ერთი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრის მედიისთვის ღია ნაწილში დაასახელა.

"კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა მაქვს, თუმცა მათ შესახებ დისკუსიის განმავლობაში უფრო კონკრეტულად ვისაუბრებ. ერთ-ერთი ასეთი შენიშვნაა ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგეს მოსამართლის დისციპლინური წესით პასუხისმგებლობის განხილვის საკითხი. თუკი რაიმე ტიპის კომისია მაინც შეიქმნება და ეს კომისია ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით დასკვნას დადებს", - დასძინა კუბლაშვილმა.

მისივე შეფასებით, კანონპროექტის წარმოდგენილი ვარიანტი სამართლებრივ სტაბილურობას შეუშლის ხელს.

კუბლაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ იუსტიციის სამინისტრო მის შენიშვნებს, რომელიც ერთი კვირის წინ გადაუგზავნა, გაითვალისწინებს.