ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხვის ოქმის გამოქვეყნებს ითხოვს

ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხვის ოქმის გამოქვეყნებს ითხოვს

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა წერილობითი პასუხი გაავრცელა მთავარი პორკურორის, არჩილს კბილაშვილის კომენტარზე , რომელიც მოსმენების თემაზე გაკეთებულ განცხადებას ეხება. 

"საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე შესაძლოა, მთავარი პროკურორისთვის უცნობია ასეთი გამოძიების შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ კვირას მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამომძიებელ გიორგი მუჯირის მიერ დავიკითხე, როგორც მოწმე.

დაკითხვისას ამოსაცნობად წარმომედგინა თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული რამდენიმე საუბარი, განხორციელებული ე.წ. სკაიპის მეშვეობით, რომლებიც განხორციელდა ჩემს მიერ საფრანგეთიდან, ჩემი კომპიუტერით, გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში.

ანალოგიურ საქმეზე ორი დღის წინ დაიკითხა ჩემი ბიძაშვილი იოსებ გიგუაშვილი და მასაც წარედგინა ასეთი საუბრები ამოსაცნობად. ბოლო საუბარი, რომელიც წარმოგვედგინა ორივეს, დათარიღებული გახლდათ 2012 წლის 11 ნოემბრით. თუ ეს ყველაფერი მომეჩვენა და სინამდვილეს არ შეესაბამება, მთავარ პროკურატურას ვთხოვ, გამოაქვეყნოს ჩემი დაკითხვის ოქმი, რაც ნათელს მოჰფენს ყველაფერს",-აღნიშნავს ოქრუაშვილი წერილობით პასუხში.

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ, გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა, რომ მას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საფრანგეთში უსმენდნენ.

"კიდევ ერთი საინტერესო საქმე, რომელზეც პროკურატურაში გასულ კვირას ვიყავი - ეს არის უკანონო მოსმენების საქმე, სადაც მგონი პროკურატურა აპირებს დაზარალებულად მცნოს იმის გამო, რომ ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში სრულად. ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით, სამხედრო პოლიციის ოპერტიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, რომელიც ახალი დანიშნული იყო ახალი ხელისუფლების პირობებში. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი - ამას აკეთებდა თავის ინიციატივით?!, რაც მე მაგალითად არ მჯერა, თუ აკეთებდა ვინმეს დავალებით?!", - განაცხადა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

მთავარმა პროკურორმა კი აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენები არ მიმდინარეობს.

როგორც კბილაშვილმა "მე-9 არხის" ეთერში განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილი მოსმენებთან დაკავშირებით ხელისუფლების ცვლილების შემდგომ პერიოდზე საუბრობს, "საკითხში ფაქტობრივი უსწორობაა".

"თუ მისი მხრიდან ამჟამინდელ მდგომარეობაზეა საუბარი, მისი განცხადება შეუსაბამოა. ახალი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენა ვირუსების მეშვეობით არ მიმდინარეობს და, შესაბამისად, თუ მისი განცხადება შეიცავდა ინფორმაციას, რომ ეს ხდებოდა ახალი ხელისუფლების პირობებში, მაშინ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება", - აღნიშნა კბილაშვილმა "მეცხრე არხის" გადაცემაში "მთავარი კითხვა".