თეა წულუკიანი:  პროკურორი, რომელიც მოსამართლეზე ზეწოლას შეეცდება, მკაცრად დაისჯება

თეა წულუკიანი: პროკურორი, რომელიც მოსამართლეზე ზეწოლას შეეცდება, მკაცრად დაისჯება

დღეს თქვენ ხართ პროკურატურისგან თავისუფალი და ნებისმიერი პროკურორი, რომელიც გაბედავს კოჭლი საქმეები მოიტანოს თქვენამდე, მკაცრად დაისჯება , - ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებსაც სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ხვდება.

მისივე განმარტებით, გასული წლების განმავლობაში მართლმსაჯულებაში შეცდომები იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მოსამართლეების შეცდომები არ ყოფილა.

"შეცდომები იყო, ეს შეცდომები მხოლოდ თქვენი შეცდომები არ არის. ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ ამ შეცდომების გამოსასწორებლად, არის სწორედ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნა, რათა ქვეყანაში არ შეიქმნას პარალელური მართლმსაჯულების სტრუქტურა და ისევ მოსამართლეს მიეცეს საშუალება წარსულში მომხდარი სასამართლოს შეცდომა გამოასწოროს. ეს კომისია მარტო იმას არ მოემსახურება, რაც კანონში წერია. ეს კომისია სასამართლოსთან ერთად შექმნის იმ დიდ სამართლებრივ პრაქტიკას და კულტურას, რომელიც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ მომავალში მომხდარი სასამართლო შეცდომების გამოსწორების სამართლებრივი სრულყოფილი მექანიზმი არსებობდეს. ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს სასამართლო შეცდომა, მაგრამ ეს უნდა იყოს გამონაკლისი და არა წესი. დღეს ჩვენ გვაქვს ათეულ ათასობით საჩივარი, რომ მოხდა სასამართლო შეცდომა. ამას სჭირდება შესწავლა. ათეულ ათასობით სარჩელიდან თუნდაც 20-30 შემთხვევა თუ მოიტანს შედეგს კომისიის წინაშე და საქმე თავიდან გაიხსნება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის პრეტენზიები, რაც ჰქონდა მოქალაქეებს, ყოფილა სამართლიანი და ეს პრეტენზია იყო, რომ მოსამართლე არ იყო თავისუფალი. დღეს თქვენ ხართ პროკურატურისგან თავისუფალი. ნებისმიერი პროკურორი, რომელიც გაბედავს კოჭლი საქმეები მოიტანოს თქვენამდე და გაბედავს, თქვენზე ზეწოლა ან ზეგავლენა შეეცადოს, იქნება მკაცრად დასჯილი", - მიმართა წულუკიანმა მოსამართლეებს.

მისივე განმარტებით, ახლა როცა ისინი პროკურატურის გავლენისგან თავისუფალი არიან, მათ კანონის კონტროლისგან გათავისუფლება სჭირდებათ.

"ახლა თქვენ გჭირდებათ გათავისუფლდეთ კანონის კონტროლისგან, რადგან წინა ხელისუფლებამ ისეთი კანონები დაგიწერათ, რომ სასჯელების საკითხში საკმარისი იყო მხოლოდ ელემენტარული არითმეტიკა გცოდნოდათ. თქვენ უნდა იყოთ ის, ვისაც აქვს ფართო პალიტრა სასჯელების და თქვენ აირჩიეთ, რა ეკუთვნის მათ, ვინც წინ გიზით", - აღნიშნა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მოსახსნელია კიდევ ერთი კონტროლის მექანიზმი, რაც ამ შემთხვევაში რიგითი მოსამართლის კონტროლს გულისხმობს სასამართლო ხელმძღვანელობისგან.

"დაგვრჩა ბოლო კონტროლის მექანიზმი, რომელიც უნდა შესწორდეს. ეს არის რიგი მოსამართლის კონტროლი სასამართლო ხელმძღვანელობისგან. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობა მართლმსაჯულებას უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ის როლი და არც ერთი გრამით მეტი, რაც უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელობას. დღეს დადგა დრო, რიგით მოსამართლეს ჰქონდეს თავისუფალი სიტყვა მართლმსაჯულების პროცესში. ჩემ სიტყვები უკან სდევს ის, რასაც ვამბობ და არა ხელისუფლებაში 50 წლით გამაგრების სურვილი. თუ თქვენ დამეხმარებით საქართველოში მართლმსაჯულება იქნება ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ინსტიტუცია", - აღნიშნა წულუკიანმა.