კოტე კუბლაშვილი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას კრიტიკულად აფასებს

კოტე კუბლაშვილი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას კრიტიკულად აფასებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას კრიტიკულად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს სამართლებრივ სტაბილურობასთან მიმართებაში ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

"კანონპროექტი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს სამართლებრივ სტაბილურობასთან მიმართებაში. სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრინციპი გახლავთ მოსამართლეთა უსაფრთხოება და სამართლებრივი სტაბილურობა, რაც ნიშნავს, რომ დაუშვებელია სასამართლოს, საბოლოო ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა რომელიმე სხვა ორგანოს მიერ", - განუცხადა კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", იუსტიციის მინისტრსა და მოსამართლეებს შორის შეხვედრის დაწყებამდე.

მისივე განმარტებით, მსგავსი კომისიების შექმნის მაგალითები მსოფლიოში არსებობს, მაგრამ "ისინი ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებების შინაარსიდან და სფეროდან არ გადიან".

"წარმოდგენილი კანონპროექტი კი, ითვალისწინებს ყველა მიმართულებით გადასინჯვას და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კრიტიკული შენიშვნები. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტის ავტორები ჩემს შენიშვნებს გაითვალისწინებენ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი პრინციპია", - დასძინა კუბლაშვილმა.