დავით უსუფაშვილი ჯონ მაკკეინს შეხვდა

დავით უსუფაშვილი ჯონ მაკკეინს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ბოლო დღეს შეხვედრები გამართა კონგრესში, ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოში და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების (USAID) სააგენტოში.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესში სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი კეთილგანწყობა საქართველოსადმი და ის, რომ მხარში დაუდგება საქართველოს ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რაც კი შეიძლება მას საერთაშორისო ასპარეზზე ჰქონდეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრები გამართა ასევე კონგრესმენებთან: ჰოვარდ მაკკეონთან, ჯეფ მილერთან, ტომ მარინოსთან, კეი გრეინჯერთან, სტივ სტოკმანთან, მარიო დიას ბალარტთან, ჯიმ მაკდერმოტთან და სენატორ ტედ კორჩენთან,

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოს ეწვია, რომელიც უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე მუშაობს. დავით უსუფაშვილი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა მომავალი თანამშრომლობა იყო.

,,საუბარი გვქონდა იმაზეც, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. მაგალითად, როდესაც საქართველოს შესახებ მათი ერთ-ერთი ბოლო ანგარიში ვნახე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მეტი ინფორმაცია უკეთესი იქნებოდა დასკვნების გამოსატანად. ჩვენ შევთანხდით, რომ როდესაც მკვლევარი საქართველოში ჩამოვა, ის აუცილებლად ყველა მხარეს შეხვდება და ასეთი ანგარიშები უფრო მაღალი ხარისიხის იქნება. გარდა ამისა, თანამშრომლობის სხვა, კიდევ უფრო საინტერესო გეგმებზეც ვისაუბრეთ",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე UშAID-ის ხელმძღვანელს, რაჯივ შაჰს შეხვდა.

ასევე, ვაშინგტონში დავით უსუფაშვილი ,,ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროს ეწვია და ბიუროს ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. ტელეინტერვიუს ნახვის საშუალება საქართველოს მოსახლეობას 17 მარტს, საზოგადოებრივ არხზე ექნება.

საპარლამენტო დელეგაციის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში განახორციელა.

,,ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ს მთავრობა, როგორც აღმარულებელი, ასევე საკანონმდებლო ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს საქართველოს, როგორც მის სტრატეგიულ პარტნიორს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებშიც და იმ რეფორმებშიც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და ახალ მთავრობას დაგეგმილი აქვს",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, სადაც საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოვებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ახალი ელემენტების მოძიების შესაძლებლობებს შეეხო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში დღეს დასრულდა. პარლამენტის თავმჯდომარე ვაშინგტონს ხუთდღიანი ვიზიტით 11 მარტს ეწვია.