თეა წულუკიანი მოსამართლეებს ხვდება

თეა წულუკიანი მოსამართლეებს ხვდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და მას რამდენიმე ათეული მოსამართლე ესწრება.

შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხია მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის მინისტრი მოსამართლეების პოზიციის მოსმენას გეგმავს.

"ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ ის სასამართლო შეცდომები, რომელიც წარსული ცხრა წლის განმავლობაში იყო ჩადენილი არა მხოლოდ მოსამართლეთა ბრალით, არამედ პროკურატურის უკანონო ქმედებების გამო. ამისთვის ჩვენ შემუშავებული გვაქვს ინიციატივა შევქმნათ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია. მე ვაპირებ სწორედ მოსამართლეებთან ერთად განვიხილო ეს კანონპროექტი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა შეხვედრის დაწყებამდე.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე მთავრობის სახელით მოსამართლეებს ეტყვის იმასაც, რომ პროკურატურისგან თავისუფლები არიან.

"მინდა მთავრობის სახელით შეხვედრაზე მოსამართლეებს ვუთხრა ერთი რამ - ისინი როგორც იქნა თავისუფლები არიან პროკურატურისგან და მათი თავისუფლება უნდა გამოიყენონ ხალხის ინტერესებისთვის, რადგან მათ გადაწყვეტილებები ხალხის სახელით გამოაქვთ", - აღნიშნა წულუკიანმა.