მეხანძრეები აჭარაში ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ

მეხანძრეები აჭარაში ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ

მეხანძრეები აჭარაში ძლიერ ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის ხანძრის ძირითად კერები ლოკალიზებულია. 

ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ხანძრის 12 კერა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე მასშტაბური ცეცხლი ჩაქვში, წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო.

ამასთან, გონიოს რაიონის სოფელ ავგიასა და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში ეკალ-ბარდი იწვოდა. ქობულეთის სოფელ ოჩხამურში, აგურის ქარხანასთან, ცეცხლი ჩაის პლანტაციებსა და საყანე ტერიტორიაზე გავრცელდა, ხოლო ჩაქვში ცეცხლი სასაფლაოებს მოედო და ხანძარი სახლებს დაემუქრა.

ბათუმში ენგელსის ქუჩაზე მცირე სათავსო დაიწვა. ასევე, გამთენიისას ცეცხლის კერა დაფიქსირდა აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც სახანძრო ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ.

ცეცხლის ძირითად კერები ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. მთელი ღამის განმავლობაში აჭარის მასშტაბით ძლიერი ქარი ქროდა, რაც ხანძრის ლიკვიდაციას აფერხებდა.