ბექა ხოფერიასა და მისი მეგობრების აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბექა ხოფერიასა და მისი მეგობრების აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ყოფილი პარლამენტარის, ხათუნა ხოფერიას ვაჟის, ბექა ხოფერიასა და მისი მეგობრების - ერასტი საბანაძის, დავით ეჯიბიასა და გიგა იობაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

"როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა გიორგი გვარამაძემ განუცხადა, პროცესი 13:00 საათზე გაიმართება.

ბექა ხოფერიას და მის მეგობრებს - ერასტი საბანაძეს, დავით ეჯიბიას და გიგა იობაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს.

როგორც ბრალის წარდგენის შემდეგ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ბრალდებულების ადვოკატმა, გიორგი გვარამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მუხლი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის ინფორმაცით, საქმეს იძიებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის #7-ე განყოფილება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შსს-ს ქალაქის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 4 პირი - დავით ეჯიბია, გიგა იობაშვილი, ბექა ხოფერია და ერასტი საბანაძე დააკავეს.

"დაკავებულებმა 2013 წლის 14 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ვაკე-საბურთალოს VII განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თამარაშვილის ქუჩაზე ათამდე ნასვამმა პიროვნებამ პოლიციელების მისამართით აგრესია გამოხატა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა ნასვამმა პიროვნებამ სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელმა კი ვითარების განმუხტვისა და თავდასხმის მოგერიების მიზნით ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით, მცირე ინტერვალით ჰაერში ორჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი სსსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით კი, დავით ეჯიბია წარსულში სამჯერ არის ნასამართლევი. მათ შორის 2007 წელს ნარკოტიკის უკანონო შეძენისთვის, 2008 წელს იარაღის უკანონო ტარებისთვის, 2009 წელს კი ძარცვისთვის. ნასამართლევია მიშა იობაშვილიც, რომელიც 2009 წელს ცივი იარაღის უკანონო ტარებისთვის გაასამართლეს. რაც შეეხება ბექა ხოფერიას, ის ორჯერ, 2008 და 2010 წლებში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით არის დაჯარიმებული.