თეა წულუკიანი დღეს მოსამართლეთა კორპუსს შეხვდება

თეა წულუკიანი დღეს მოსამართლეთა კორპუსს შეხვდება

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დღეს მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრისგან მოელის მოსამართლეების მხრიდან თავისუფალი აზრის გამოხატვას; როგორც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ისე მართლმსაჯულების სისტემაში ზოგადად მიმდინარე რეფორმის შესახებ.

"მე ვხვდები მოსამართლეთა კორპუსს, ესაა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. მოვუწოდებ ყველა რიგით მოსამართლეს, დაესწროს ამ შეხვედრას და გამოხატოს ჯანსაღი კრიტიკა როგორც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, ისე მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმასთან მიმართებაში და გამოხატოს ასევე თავისუფალი აზრი იმის შესახებ, თუ რა მოსწონს და რა მიაჩნია მისაღებად ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმაში. პირადად ჩემთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა რეფორმის მომავალი ნაბიჯები უფრო კარგად და ეფექტიანად დავგეგმოთ. მოველი, რომ შეხვედრაზე მოსამართლეები ამ ყველაფერთან დაკავშირებით თავისუფალ აზრს გამოხატავენ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, შეხვედრაზე მოსამართლეებს პირადად დაუდასტურებს ახალი მთავრობის ნებას, რომ მათი ხელისუფლების პირობებში "საბოლოოდ ჩაეყრება საფუძველი თავისუფალი მართლმსაჯულების დამკვირდრებას საქართველოში".
შეხვედრა "ქორთიარდ მარიოტში" 12.00 საათზე დაიწყება.