ლევან ღვინჯილია:

ლევან ღვინჯილია: "რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ ევროპული ქარტიის" რატიფიცირება ერთი მხრივ საფრთხეა და მეორე მხრივ - არა

ახალქალაქის საკრებულო პარლამენტს შეახსენებს, რომ "რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ ევროპული ქარტია" მხოლოდ ხელმოწერილი აქვს და მისი რატიფიკაციის ვალდებულებაც აქვს ნაკისრი. შეიცავს თუ არა საფრთხეს ქართული სახელმწიფოსათვის "რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ ევროპული ქარტიის" რატიფიცირება, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენის სახელმწიფო პალატის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ღვინჯილია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში აცხადებს, რომ ეს ერთი მხრივ, საფრთხეა და მეორე მხრივ - არა.

"ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ცოტა ძნელია. ერთი მხრივ ,მანდ არის საფრთხე და მეორე მხრივ, შეიძლება საფრთხე არც იყოს. მე რამდენადაც მახსოვს იქ არის 150 მუხლი. ამ 150 მუხლს აქვს ოთხ -ოთხი პასუხი. სულ 35 ნაწილადაა დაყოფილი და ოთხ-ოთხი მოსალოდნელი პასუხია ამ რატიფიკაციის დროს ამოსარჩევი. თუ ჩვენ ამოვირჩევთ იმ თითო შესაძლო ვარიანტიდან თითო პასუხს და ასეთი 35, ან მეტი მოგროვდება, ჩაითვლება, რომ ეს საკმარისია მისი რატიფიცირებისათვის, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ იმ საკითხის ოთხი შესაძლო გადაწყვეტიდან, ჩვენ რომელს ავირჩევთ", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლევან ღვინჯილია და მაგალითი მოყავს.

"განათლების სფეროზე მაგალითი რომ მოვიყვანო, იქ არის რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად, არაქართულენოვანი სკოლებისათვის სწავლება. პირველი - მთლიანად მის ენაზე, პირობითად რომ ვთქვათ, თუ სომხურენოვანი რეგიონია სწავლება სომხურ ენაზე. მეორე - საგნების ნაწილის სწავლება მის ენაზე, დანარჩენი სახელმწიფო ენაზე. მესამე - სწავლება სახელმწიფო ენაზე მისი ენისა და ლიტერატურის. იქ, შესაძლოა, იყოს კიდევ ზუსტად არ მახსოვს ისტორიის მის ენაზე სწავლების შენარჩუნებით და მეოთხე არის - არსებული მდგომარეობის გაუარესება არ შეიძლება. ახლა აქ გასარკვევია, რას ნიშნავს გაუარესება და ამის გარდა, გასარკვევია, რომელ მუხლს ვირჩევთ. ამის გათვალისწინებით, ხელისუფლება რა პოზიციას დაიკავებს და რა იქნება მიზანშეწონილად მიჩნეული შეიძლება შედეგი იყოს სხვადასხვანაირი", _ აცხადებს ღვინჯილია.