ირაკლი ოქრუაშვილი მზად არის, რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ჩვენება სიცრუის დეტექტორის მეშვეობით მისცეს

ირაკლი ოქრუაშვილი მზად არის, რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ჩვენება სიცრუის დეტექტორის მეშვეობით მისცეს

ირაკლი ოქრუაშვილი მზად არის, რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ჩვენება სიცრუის დეტექტორის მეშვეობით მისცეს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "ღია ეთერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ოქრუაშვილის მტკიცებით, რობაქიძის საქმეში მისი მონაწილეობა ნულის ტოლია.

"მე თანახმა ვარ პოლიგრაფის, სიცრუის დეტექტორის მეშვეობით მივცე ჩვენება, ისევე, როგორც ვითხოვ, რომ ვინც ჩემთან დაკავშირებით რაიმე ვერსიას ავითარებს, ჩემს ამ საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ის ადამიანებიც დაკითხული იყვნენ პოლიგრაფის მეშვეობით. ჩემს ინტერესებშიც შედის ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს სიმართლე და ამას წერტილი დაესვას. ორი საქმეა, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება სინდისის ქენჯნა მაწუხებდეს, ეს საქმე ამ ორიდან არც ერთი არ არის", - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

ოქრუაშვილის ვარაუდით, ამ საქმესთან დაკავშირებით სამი ჯგუფი ცდილობს თავისი ინტერესების დაცვას, აქედან ორი - კრიმინალური პოლიციის წარმომადგელები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები თავის უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობენ, მესამე კი, ვინც საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობს, გარდაცვლილის ოჯახია.

"სამივე ჯგუფს ჰქონდა მცდელობა, მე რაღაცნაირად ჩავეთრიე მაგ პროცესში. მაგრამ ცალსახად ვიმეორებ, რომ ჩემი მონაწილეობა ამ საქმეში არის ნულის ტოლი.

პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ ბევრი ადამიანის დაკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მე არ ვიყავი ინფორმირებული და მეორე, მას ეჭვი აქვს, რომ შეუძლებელია მე ინფორმირებული არ ვყოფილიყავი. ინფორმირებულობა დანაშაული არ არის და მე ინფორმირებული ვიყავი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ფაქტზე, ინციდენტზე, მაგრამ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ იქ იარაღი იყო თუ არ იყო, მიიტანეს თუ არა, არ ვიყავი", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, ის ინფორმირებული არ იყო, რადგან იმ პერიოდში ძირითადად შინაგანი ჯარის რეფორმირებისა და რეორგანიზაციის საკითხებზე იყო კონცენტრირებული, რის გამოც მისი მხრიდან ნაკლები ინტერესი და ყურადღება იყო გამოჩენლი ამ საქმისადმი.

"რა მოხდა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, ამაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ, იმის გამო, რომ მიმდინარეობს გამოძიება", -აღნიშნა ოქრუაშვილმა. მისივე მტკიცებით, ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის ვერსია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შედგა სატელეფონო საუბარი ოქრუაშვილსა და მოსამართლესთან ან ზურაბ ადეიშვილთან, რეალობასთან ახლოს არ არის.