ირაკლი ფირცხალავა და გურამ დონაძე ქართული ექსპერტიზის დასკვნას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებენ

ირაკლი ფირცხალავა და გურამ დონაძე ქართული ექსპერტიზის დასკვნას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებენ

ირაკლი ფირცხალავა და გურამ დონაძე ბუტა რობაქიძის დაღუპვასთან დაკავშირებით სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალის თაობაზე ქართული ექსპერტიზის დასკვნას ვაკხანალიის გაგრძელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებენ. 

დღეს გამოქვეყნებული დასკვნის თაობაზე მათ პირველი რადიოს ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ექსპერტიზისთვის გადაცემული ვიდეოკადრები კიდევ ერთხელ განიხილეს.
ირაკლი ფირცხალავამ ყურადღება გაამახვილა ორ კადრზე, რომელთაგან ერთში პატრულ-ინსპექტორი, გვარად ჭანტურია, ხელში იარაღით ჩანს, მეორე პატრულ-ინსპექტორი, დავით აბუაშვილი კი რევოლვერს პოულობს. ამასთან, ფირცხალავამ მედიას გააცნო ამ ორი პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები, სადაც ისინი ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილას მათ არანაირი იარაღი არ უნახავთ.

გურამ დონაძის განცხადებით კი, წარმოდგენილი კადრებიდან 3 წთ. და 42 წმ. არის მთლიანად უწყვეტი კადრი. კერძოდ, მისი განმარტებით, გასროლის წუთიდან იარაღის აღმოჩენამდე და ბუტა რობაქიძის გარდაცვალებამდე კამერა ოპერატორს გათიშული არ აქვს.

ირაკლი ფირცხალოავა და გურამ დონაძე გამოდიან ინიციატივით, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და სპეციალისტებით და მასალას ობიექტურად და მიუკერძოებლად შეისწავლის და შეაფასებს.

გარდა ამისა, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, ორშაბათიდან ისინი საზოგადოებას ბევრ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებს გააცნობენ, რომელიც ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებულ მასალებს ეხება. მათი თქმით, ეს იქნება მასალები, რაც აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.