პაატა ზაქარეიშვილი - ვლადიმერ სანაკოევთან საუბრის აზრს ვერ ვხედავ

პაატა ზაქარეიშვილი - ვლადიმერ სანაკოევთან საუბრის აზრს ვერ ვხედავ

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "კოკოითი ფანდარასტის" ერთ-ერთ დამფუძნებელ ვლადიმერ სანაკოევთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. ამის შესახებ ინფორმაციას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

"ვლადიმერ სანაკოევთან შეხვედრისა და საუბრის აზრს ვერ ვხედავ. ღია ეთერში შეიძლება, ვესაუბრო ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის ოპონენტებს. როცა საუბარი შეიძლებოდა, იგი რაღაც ფიგურას წარმოადგენდა და მე კი არანაირი თანამდებობა არ მეკავა, სანაკოევი ჩემთან საუბარს არ მიიჩნევდა საჭიროდ. ეხლა, როცა მე მინისტრის თანამდებობაზე ვმუშაობ და ის თავისუფალი მოთამაშეა, ჩემთან ღია ეთერში საუბრის სურვილი გაუჩნდა. როგორც სანაკოევი ვერ ხედავდა ჩემთან საუბრის აზრს "კოკოითი ფანდარასტის" ეპოქაში, ისე დღეს მე ვერ ვხედავ მასთან საუბრის საჭიროებას, თუმცა, როგორც კი ამას დავინახავ, შევხდები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, "კოკოითი ფანდარასტის" კამპანია შეცდომა იყო.

"მიმაჩნდა, რომ ეს იყო მიუღებელი ნაბიჯები სანაკოევის მხრიდან. იგი სააკაშვილის იმ თამაშს თამაშობდა, რომელმაც ომამდე მიგვიყვანა. ვისაც ამ ყველაფერში მონაწილეობა აქვს მიღებული, მორალურად მაინც უნდა აგოს პასუხი საზოგადოების წინაშე", -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

"კოკოითი ფანდარასტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩამოვიდა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სანაკოევმა განაცხადა, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან კონფლიქტების მოგვარებაზე ღია ეთერში საუბარი.

როგორც სანაკოევი ამბობს, მან აღნიშნული თხოვნით უკვე მიმართა ზაქარეიშვილს, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია.