ქალთა ციხეში მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა მიმდინარეობს

ქალთა ციხეში მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა მიმდინარეობს

ქალთა ციხეში მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა. 

მისი თქმით, სამინისტრო ინციდენტზე განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც მოკვლევა დასრულდება.

ამასთან, ირაკლი კორძაია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხასია სწორედ აღნიშნული ინციდენტის გამო გადაიყვანეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში.

"მაია ხასიას სხვა სამსახურში გადაყვანის ერთადერთი და რეალური მიზეზი იყო ის, რომ სასწავლო ცენტში უფრო გამოსადეგი იყო მისი გამოცდილება", - განაცხადა კორძაიამ.

ამასთან, თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ხასია თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ხასიამ არ დაადასტურა რუსთავის ქალთა #5 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის შესახებ.

"მე აღარ ვმუშაობ სისტემაში, ორი დღის წინ საგანგებო სიტუაცია არ გამომიცხადებია, რადგან ამას ბრძანება სჭირდება. არანაირი ნარკოტიკული ნივთიერების შეტანის ფაქტი არ დაფიქსირებულა. არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ხასიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.