ბიძინა ივანიშვილი:  აჭარაში მეჩეთის მშენებლობის თემა პოლიტიზირებული ხელოვნურად გახდა

ბიძინა ივანიშვილი: აჭარაში მეჩეთის მშენებლობის თემა პოლიტიზირებული ხელოვნურად გახდა

აჭარაში მეჩეთის მშენებლობის თემა პოლიტიზირებული ხელოვნურად გახდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. 

"აზიზიეს თემა პროგრამიდან ჩაიხსნა და მადლიერი ვარ ბატონი ერდოღანის, ამ საკითხს გაგებით მოეკიდა, ძალიან მოქნილად მოიქცა. მოისმინა და გაიგო რეალობა, მაგრამ ზოგადად მეჩეთის საკითხი დგას მარტივად _ საქართველოში და მათ რიცხვში აჭარაში ცხოვრობს მუსლიმი მოსახლეობა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ვერ იტევს ის მეჩეთი, რომელიც ბათუმშია. აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები, რატომ არის ამაზე ამხელა აქცენტი გაკეთებული? საქართველოში 200 მეჩეთზე მეტია და მეჩეთის აშენების საკითხი პოლიტიკის დონეზე არასდროს დამდგარა. ძალიან დიდი მეჩეთი შენდება მარნეულშიც, მაგრამ ბათუმში მისი აშენების საკითხის წამოწევა ხელოვნურად მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში, რომ ამაზე ყურადღება გადაეტანათ. ქართველები ვართ ველურები, ჩვენ მხოლოდ მართლმადიდებლობას ვცემთ პატივს, სხვა რელიგიებთან ვართ შეუმწყნარებლები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, აუცილებელია "მოვიქცეთ ცივილიზებულად და ჩვენი ემოციურობით თურქეთთან არსებული ურთიერთობა არ გავაფუჭოთ".

"ამას მარტივი თვალით უნდა შევხედოთ _ ქართველი მუსლიმებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და მათ უნდა მივცეთ საშუალება, თუ არის მოთხოვნა, რომ აშენდეს მეჩეთი. უნდა მოვიქცეთ ცივილიზებულად. თურქეთთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ის არ უნდა გავაუარესოთ არც ერთ შემთხვევაში ჩვენი ემოციურობით და სისწრაფით. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ მივიღო მონაწილეობა მეჩეთის აშენებაში, გნებავთ, ბათუმში, თუმცა ადგილი ბათუმელებთან შეთანხმებით უნდა შეირჩეს", - დასძინა ივანიშვილმა.